პეკინი ლონდონს მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას მოერიდოს
პეკინი ლონდონს მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას მოერიდოს

პეკინი ლონდონს აფრთხილებს და მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას მოერიდოს. ჩინეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ჯერემი ჰანტის განცხადება, რომელშიც როგორც პეკინი ამტკიცებს, მან მხარი ჰონგ კონგის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს დაუჭირა.

როგორც დიდი ბრიტანეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, იმ აქტივისტების ქმედებები, რომლებიც პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა უკანონოდ დაიკავეს, ყველამ უნდა დაგმოს და მათი ქმედებები კანონდარღვევად აღიაროს. ამ განცხადების გამო, ჩინეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში განმარტებისთვის დაიბარეს.

ლონდონში განაცხადეს, რომ ჩინელი დიპლომატის ასეთი განცხადება „მიუღებელია და არასწორია“.

ჰონგ კონგი დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა. ჰონგ კონგში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ მიღებული ექსტრადიციის შესახებ კანონია, რომელიც საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების ექსტრადირება ჩინეთში განხორციელდეს. 1 ივლისს კანონის მოწინააღმდეგეთა ნაწილი ჰონგ კონგის პარლამენტში შეიჭრა და შენობა რამდენიმე საათით დაიკავა. მოგვიანებით პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

მომხდარს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი გამოეხმაურა. ჯერემი ჰანტის განცხადებით, ძალადობა მიუღებელია და ჰონგ კონგელ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლება კანონით აქვთ გარანტირებული. ამასთან დიპლომატმა მოუწოდა დემონსტრანტებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან. პეკინში ამ კომენტარის გამო მწუხარება გამოთქვეს.