პეიტონი დიდი ხანი მიყურებდა და არ მესიამოვნა - ბითაძის ინტერვიუ ამერიკულ მედიასთან [ვიდეო] #1TVSPORT
პეიტონი დიდი ხანი მიყურებდა და არ მესიამოვნა - ბითაძის ინტერვიუ ამერიკულ მედიასთან [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძე უკვე რამდენიმე შეხვედრაა NBA-ში კარიერის საუკეთესო მატჩებს ატარებს და რა თქმა უნდა, ეს ამერიკულ მედიას არ გამორჩენია. გამოცემა IndyStar-მა ქართველი კალათბურთელის შესახებ ვრცელი და საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გოგას ინტერვიუ და საკალათბურთო ისტორიაა გადმოცემული. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

„კარიერის საუკეთესო მაჩვენებლის დაფიქსირებიდან  (17 ქულა – „კლიპერსი“) სამი დღის შემდეგ, გოგამ „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში პირველად დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან.

საინტერესო იყო შეძლებდა თუ არა ბითაძე, რომელიც სამშობლოში კალათბურთის თამაშს მძიმე გარემოებებიდან თავის დასაღწევად იყენებდა, ეჩვენებინა ნაციონალურ ტელევიზიაში, რომ მსოფლიოში საუკეთესო კალათბურთელების გვერდით შეუძლია თამაში. 31 წუთი და 21 წამი ამის სანახავად საკმარისი იყო.

ბითაძემ სამქულიანის ჩაგდების შემდეგ, „ინდიანას“ პირველი ქულები მოუპოვა და 2 წუთზე ნაკლებ დროში ლიგის 2-გზის MVP-ის სტეფ კარის დაუფარა.

პეისერსს“ სასტარტო შემადგენლობის კალათბურთელები აკლდა და მათ შორის დომანტას საბონისიც და მაილს ტერნერიც. ბითაძე გუნდს მალე მოერგო და დაამტკიცა, რატომ აიყვანეს 2019 წელს მე-18 ნომრად.

„ის დიდი ხანი მიყურებდა და არ მესიამოვნა. დამავიწყდა, რომ ტექნიკური მქონდა (მსაჯთან კამათის შემდეგ), მაგრამ ის მე დიდი ხანი მიყურებდა“, – განაცხადა ბითაძემ პეიტონთან ინციდენტზე.

ეჭვგარეშეა, რომ ბითაძეს კარიერის საუკეთესო მატჩი ჰქონდა – 13 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი, სანამ პეიტონს შუბლს მიარტყამდა, ამის მერე კი ის მოედნიდან გააძევეს.

„დიდი ხანი მიყურებდა და ჩემთვის შეურაცმყოფელი იყო. შეიძლება თავის მირტყმა ცოტათი ზედმეტი იყო, მაგრამ მაინც იგივეს გავაკეთებდი“, – აღნიშნა ბითაძემ.

213 სმ კალათბურთელი მხოლოდ იმას ნანობს, რომ მატჩის ბოლოს თანაგუნდელებთან ერთად არ იყო, რომლებმაც „გოლდენ სტეიტს“ დრამატულად, ოვერტაიმში მაინც მოუგეს 121-117.

18,064 გულშემატკივრის წინაშე ის ერთი „ცხელი“ ეპიზოდი ბითაძეს არ განსაზღვრავს, მაგრამ განსაზღვრავს ის გარემოებები, რაც მან გამოიარა, რომ გადაჭედილ არენაზე აღმოჩენილიყო.

„ჩემს ქვეყანაში სასიამოვნო საერთოდ არ ყოფილა. ქუჩებში ყველგან კრიმინალი იყო და რთული იყო ამ ყველაფერთან შეხება არ მქონოდა. კალათბურთსაც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. შესაბამისად მასზე კონცენტრაცია რთული იყო, მაგრამ ჩემი ოჯახი ამაში ძალიან დამეხმარა. ჩემს ქვეყანაში ყველას უჭირდა, მათ შორის ჩემს ოჯახსაც. შესაბამისად, ჩემთვის და ჩემი ქვეყნისათვის დიდი მოვლენაა NBA-ში თამაში“.

მძიმე პერიოდიდან მოდის

ბითაძე 1999 წლის 20 ივლისს კახეთში, საგარეჯოში დაიბადა და სანამ თინეიჯერი გახდებოდა, კალათბურთის ნამდვილი ტალანტი იყო. პროფესიონალური დებიუტი 16 წლის ასაკში „ვითა თბილისის“ შემადგენლობაში VTB-ს გაერთიანებულ ლიგაში ჰქონდა და ამ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

ბითაძე მწვერვალების დაპყრობას განაგრძობდა და სერბეთშიც გაიბრწყინა, შემდეგ კი „პეისერსმა“ 2019 წლის დრაფტზე აირჩია.

„შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ კალათბურთს იმიტომ ვთამაშობდი, რომ შარში არ გავხვეულიყავი. ჩემს ოჯახსა და დედაჩემს სურდათ, რომ პრობლემებში არ აღმოვჩენილიყავი. მე უბრალოდ ვთამაშობდი და ვერთობოდი, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთ დონეს მივაღწევდი და დრაფტზე ამირჩევდნენ.“

ბითაძე პირველად NBA-ის დრაფტზე 2018 წელს დადგა, მაგრამ მალევე მოეხსნა და თავისი თამაშის გაუმჯობესება განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ბითაძე პირველივე წრეში აირჩიეს, ბევრმა გულშემატკივარმა ის ზაიონ ვილიამსონთან გადაღებული სურათით გაიცნო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა.

NBA-ის 3-გზის ჩემპიონებმა დუეინეიდმა და დრეიმონდ გრინმა ამ სურათზე კომენტარი გააკეთეს.

„გამოიყენე სამოტივაციოდ, როგორც საწვავი“, – დაწერა დუეინ უეიდმა

​„მან ჩარჩოში უნდა მოათავსოს ეს სურათი… ყოველდღე უყუროს და გაბრაზდეს“, – დრეიმონდ გრინი.

სამი წლის შემდეგ გოგამ განაცხადა, რომ ეს სურათი სამოტივაციოდ საერთოდ არ სჭირდებოდა და ახალგაზრდობაში გამოვლილმა გაჭირვებამ, ეს ენერგია უკვე მისცა.

„ამ კითხვას ხშირად მისვამენ, აქაც და სახლშიც, მაგრამ რეალურად ეს სურათი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. საქართველოდან მოვდივარ, რთული პერიოდიდან მოვდივარ და ეს საკმარისი მოტივაციაა. სურათი არაფერს ნიშნავს, რადგან ეს უბრალოდ ერთი მომენტი იყო.“

 

ჩემი ქვეყნისთვის

„გოლდენ სტეიტთან“ 31 წუთი თამაშის შემდეგ, გოგამ კარიერის მეორე საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა („ფინიქსთან“ 35:08 წუთი ითამაშა, რაც მისი კარიერის რეკორდია). NBA-ში ყოფნის პერიოდში კი 125 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ მე-11-ჯერ ითამაშა მინიმუმ 20 წუთი.

ბითაძე „პეისერსის“ G ლიგის გუნდში, „ფორტ ვეინ მედ ენტსშიც“ ამ სეზონში ორჯერ ათამაშეს. მან საშუალოდ 28.5 ქულა, 10 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. გოგა თამაშიდან 67.7%-ით ისროდა, პერიმეტრიდან კი 63.6%-ით. ბითაძემ ყველას დაანახა, რომ ამ დონისთვის ის ზედმეტად კარგი იყო.

სამი წლის შემდეგ, ის ამტკიცებს, რომ NBA-ის დონისთვის საკმაოდ კარგია. „გოლდენ სტეიტთან“ მოპოვებული 13 ქულიდან 10 ქულა პირველ მეოთხედში გამოიმუშავა.

„ძალიან კარგია, რომ ყოველთვის მზადაა სათამაშოდ, ეს ნათელიც იყო მისი G ლიგაში თამაშის შემდეგ“, – აღნიშნა „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა.

რა თქმა უნდა, კარლაილს არ სურდა ბითაძეს NBA-ში მისი საუკეთესო თამაში ნაადრევად დაეტოვებინა, მაგრამ „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელი გოგას ქმედებაზე განაწყენებული არ იყო.

„გოგას შესანიშნავი თამაში ჰქონდა და მისი ქმედება ასახავს, როგორი ხასიათით ვიყავით თამაშზე“, – აღნიშნა კარლაილმა.

​ბითაძე გააგრძელებს ტერნერისა და საბონისისგან სწავლას და სანამ ტრავმირებულები არიან, გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. მისი თქმით, დაუჯერებელი იყო, რომ დაეხმარა „ინდიანას“ „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ, სავსე ტრიბუნების წინაშე გამარჯვების მოპოვებაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მის თანამემამულეს, ზაზა ფაჩულიას „უორიორსში“ 2 საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოპოვებული.

ფაჩულია „გოლდენ სტეიტში“ საკალათბურთო ოპერაციების მენეჯერია და როცა ბითაძეს ჰკითხეს უთხრა თუ არა რამე თამაშის მერე ზაზას წაგების შესახებ, გოგამ ღიმილით უპასუხა, რომ Chase Center-ში კიდევ ერთ კამათს არ გეგმავდა.

„არა. ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ. ეს ჩემი ოჯახია, კალათბურთის ოჯახი და მსგავს რამეს არ ვაკეთებ“, – აღნიშნა ბითაძემ სიცილით.

„გოლდენ სტეიტთან“ მოპოვებული გამარჯვება, მიმდინარე სეზონის საუკეთესო გამარჯვება იყო და ამ ცუდ სეზონში „პეისერსის“ გულშემატკივრებს გარკვეული სიხარული მიანიჭა. ბითაძის თქმით, ეს გამარჯვება ქართველებისთვისაც ბევრს ნიშნავდა, რომლებიც გვიან ღამით დგებიან და უყურებენ NBA-ის თამაშებს.

„სამი წელია ყველა ჩემს თამაშს ელოდება. აქამდე ისინიც და მეც იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში, „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ვითამაშე, რაც ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის მნიშვნელოვანია… ეს იყო ძალიან კარგი თამაში ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის.“

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ გამარჯვების შემდეგ გოგა ბითაძემ „ფინიქს სანსთან“ ორმაგი დუბლი გაიფორმა და 35:08 წუთში 16 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა.

 

დატოვე კომენტარი