პედრო სანჩესის ინფორმაციით, ესპანეთმა, შესაძლოა, უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ათი ტანკი გაუგზავნოს
ესპანეთმა, შესაძლოა, უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ათი ტანკი გაუგზავნოს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას რაც შეეხება, სანჩესმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ესპანეთმა ნატო-სა და ევროპაში მოკავშირეებთან უნდა განიხილოს.
„ჩვენ Leopard A4-ის ექვსი ტანკის გადაცემას ვგეგმავთ. ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს კვირებსა და თვეებში განვიხილოთ, თუ შეგვიძლია, ეს რაოდენობა ათამდე გავზარდოთ და მოვამზადოთ უკრაინელი სამხედროები ლეოპარდის ამ ტანკების გამოყენებისთვის. რაც შეეხება საჰაერო მხარდაჭერას, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ის. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ჩვენს მოკავშირეებთან ნატო-სა და ევროპაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის გაკეთება მე და ესპანეთის მთავრობას გვთხოვა. მე არ ვაპირებ ამის დამალვას, ჩვენ ეს დანარჩენ მოკავშირეებთან უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.