პედრო სანჩესი - უკრაინაში მშვიდობა და ევროპის უსაფრთხოება, არ შეიძლება, იყოს თავს მოხვეული, უნდა იყოს შეთანხმებული უკრაინელებთან და ევროპელებთან, მოდით, ვიმუშაოთ სამართლიანი, გრძელვადიანი მშვიდობისთვის
უკრაინაში მშვიდობა და ევროპის უსაფრთხოება, არ შეიძლება, იყოს თავს მოხვეული, ის უნდა იყოს შეთანხმებული უკრაინელებთან და ევროპელებთან, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა კიევში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.
სანჩესმა აღნიშნა, რომ ასეთი მშვიდობა უნდა ემსახურებოდეს „მრავალმხრივი წესრიგის გაძლიერებას“, ასევე საერთაშორისო სამართლისა და ერების სუვერენიტეტის და ევროკავშირის გამყარებას.
„აგრესორისადმი დამორჩილება მოიტანს არა მშვიდობას, არამედ შემდგომ და უფრო სერიოზულ აგრესიას. მოდით, ვიმუშაოთ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ეს არის ესპანეთის მთავრობის პოზიცია, რომელსაც მე მხარს დავუჭერ ორშაბათს, კიევში ვიზიტისას“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
პედრო სანჩესი ერთ-ერთია იმ ევროპელ ლიდერთაგან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე კიევში ვიზიტს გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტი დაგეგმილი აქვთ ანტონიუ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს.