პედრო სანჩესი იმედოვნებს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის წევრობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვამდე დაიწყება

15:14, 13.12.2023

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე, ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვამდე დაიწყება, – ამის შესახებ სანჩესმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ესპანეთის თავმჯდომარეობა კიევში ვიზიტით დავიწყე და ვიმედოვნებ, დავასრულებ მას ამ ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით ახლა, როდესაც ევროკომისიის ანგარიში ცნობილია“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

სანჩესის თქმით, დადგა დრო, ევროკავშირმა კარი გაუღოს უკრაინას, ასევე მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიღონ. უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგ უნგრეთი გამოდის.

ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის ვადა 31 დეკემბერს იწურება. ექვსთვიანი ვადით ევროკავშირის თავმჯდომარეობას იანვრიდან ბელგია გადაიბარებს.

მსგავსი