პედრო სანჩესი – აშშ-თან მტკიცედ ჩამოყალიბებული კავშირები გვაქვს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში გაუძლო როგორც ესპანეთში, ისე აშშ-ში ადმინისტრაციების იდეოლოგიურ ცვლილებებს

20:13, 08.07.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობა „პოზიტიურია” და აღნიშნა, რომ ესპანეთმა 2026 წლისთვის თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული ვალდებულებები შეასრულა.

„ურთიერთობები პოზიტიურია. ესპანეთი არის ქვეყანა, რომელსაც სურს და რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი მოკავშირე სახელმწიფოებთან, საუკეთესო შესაძლო ურთიერთობები შეინარჩუნოს. ჩვენ მათთან მტკიცედ ჩამოყალიბებული კავშირები გვაქვს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში გაუძლო როგორც ესპანეთში, ისე შეერთებულ შტატებში ხელისუფლებაში მყოფი ადმინისტრაციების იდეოლოგიური მიმართულებების ცვლილებას,” – განაცხადა პედრო სანჩესმა.

მისივე თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არაფორმალურად ესაუბრა, მათ შორის ფეხბურთსა და აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.

„დიახ, მქონდა შესაძლებლობა, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არაფორმალურად მესაუბრა. ვისაუბრეთ ფეხბურთსა და შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს იყო არაფორმალური, თავისუფალი საუბარი, რომელშიც აბსოლუტურად არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. პირიქით, ყველაფერი მეგობრულ და თავაზიან გარემოში წარიმართა. ეს საუბარი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შედგა“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა.

რაც შეეხება ვაჭრობის საკითხს, სანჩესმა აღნიშნა, რომ აშშ-თან სავაჭრო დეფიციტი აქვს.

„ვაჭრობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მე ყოველთვის ვამბობდი, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი კრიტიკის სამიზნე ვხდებით, რომ ესპანეთს აშშ-თან სავაჭრო დეფიციტი აქვს,” – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა და ამ ქვეყანასთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

მსგავსი