პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება

დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან. ეს არ არის მარტივი რეკომენდაცია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. მისივე განცხადებით, ეს არის იმ სისტემური ჩარჩოს შექმნა, რომელშიც გამოირიცხება პირთა არასასურველი ინტერესი და ზეგავლენა პოლიტიკაზე.

„ჩვენ ვიცით, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებულმა კანონპროექტმა პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს. ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული. ეს კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა, როდესაც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. ეს არის იმ სისტემური ჩარჩოს შექმნა, რომელშიც გამოირიცხება პირთა არასასურველი ინტერესი და ზეგავლენა პოლიტიკაზე. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ამის დარეგულირება კანონის დამტკიცებით იქნება წარმართული, თუ სხვა გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი გაგზავნილი იქნება ვენეციის კომისიაში და მისი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.