პაველ ჰერჩინსკი - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლა ძირითადად ახშობს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ეს ორგანიზაციები აკეთებენ, ეს აშკარად სამწუხაროა
არის მეტი და მეტი დრაკონული კანონი, რაც შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე უზარამაზარი გაუმართლებელი ზეწოლა ხორციელდება, რაც ძირითადად ახშობს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ეს ორგანიზაციები აკეთებენ. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ეს, ფაქტობრივად, ძირს უთხრის საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ევროკავშირში.
„ევროკავშირში ინტეგრაციაზე როდესაც არის საუბარი, საქართველო ყოველთვის ამ პროცესის მოწინავე იყო დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს იყო ორი მთავარი ელემენტის გამო – ძალიან პროფესიონალი საჯარო მოხელეების გამო, იმ ადამიანების გამო, რომლებსაც მართლაც სურდათ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების გამო. ესაა ხალხი, რომლებიც მუშაობენ რეგიონებში, განსაკუთრებით მოწყვლად თემებში, ამ თემებისთვის სარგებლის უზრუნველყოფისთვის, რათა საქართველო იყოს უკეთესი ადგილი საცხოვრებლად. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს არის საშინელი ზეწოლა, სრულფრონტიანი თავდასხმა საჯარო მოხელეების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბევრი ადამიანი სამუშაოდან გაათავისუფლეს რეორგანიზაციის გამო. როდესაც საუბარია სამოქალაქო საზოგადოებაზე, არის მეტი და მეტი დრაკონული კანონი, რაც შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას. თქვენ აღნიშნეთ „უცხოური აგენტების“ ტიპის კანონები. ჩვენ ადგილზე გვაქვს ორი ასეთი კანონი. ახლა არის მოთხოვნები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომ გამოაქვეყნონ სამ სამუშაო დღეში, რაც მათ გააკეთეს წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის არის მომხმარებლების პირადი ინფორმაცია. ჩვენ ამას განვიხილავთ უზარმაზარ გაუმართლებელ ზეწოლად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რაც ძირითადად ახშობს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ეს ორგანიზაციები აკეთებენ. ეს აშკარად სამწუხაროა და ეს, ფაქტობრივად, ძირს უთხრის საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.