პაველ ჰერჩინსკი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, ჯერ კიდევ არის დრო ამისთვის
პაველ ჰერჩინსკი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, ჯერ კიდევ არის დრო ამისთვის

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ძლიერი, ემოციური გამოსვლა ჰქონდა, რომელიც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებაზე იყო ორიენტირებული.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობის გზაზე.

„პირადად ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. ეს იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს ქვეყანა არის გზაგასაყარზე და კეთდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ბორტზე ყველა გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი. გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ერთად მუშაობა ინკლუზიურად, კონსტრუქციულად 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად. როგორც არაერთხელ ვთქვი, ევროკომისია მიღწეულ პროგრესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი წლის ბოლოსთვის კოლექტიურად მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით. მივესალმები პრეზიდენტის განზრახვას, იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი. ყველა უნდა იყოს ჩართული – მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას ყველა შესაძლო გზით, რათა გავზარდოთ შანსი, 27-მა წევრმა ქვეყანამ წლის ბოლოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მონაწილეობით რეკომენდაციების შესრულებლად სამუშაო პროცესი ინკლუზიური და კონსტრუქციული იყოს.

„მე ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტში სამუშაო მიმდინარეობს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, სადაც მონაწილეობენ მმართველი პარტია და ოპოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული პროცესი. რაც საჭიროა და რაც აღნიშნა პრეზიდენტმაც, ეს არის ეროვნული კონსენსუსი, რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რაც ბუნებრივია ყველა დემოკრატიაში, კონკრეტულ პრიორიტეტზე ყველამ ერთად იმუშაოს პროგრესის მისაღწევად. ჯერ კიდევ არის დროს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე ევროკომისიის შეფასებამდე და ვიდრე 27 წევრი ქვეყანა მიიღებს საბოლო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის დეკემბერში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.