პაველ ჰერჩინსკი - გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშში ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით
პაველ ჰერჩინსკი - გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშში ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით

სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა ყველა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, სწორედ ამიტომ, ევროკომისია გაფართოების სიაში მყოფი ყველა ქვეყნისა და ასევე ყველა წევრ ქვეყანაში სასამართლო რეფორმას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია.

„ეს არის ასევე ერთ-ერთი ცხრა ნაბიჯიდან. თუ გადახედავთ გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მომზადდა და გამოქვეყნდა, ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პროცესი უნდა იყოს, ამის განხილვა საჭიროა ქართველ კოლეგებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ ყველა საჭირო დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ევროკომისიას უკვე აქვს სხვა ქვეყნებთან მუშაობის პერიოდიდან, რომლებიც გაფართოების გზაზე არიან. მიზანი სრულად პროფესიონალური, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ქონაა საქართველოში, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.