პაველ ჰერჩინსკი - დაპირებების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონი დააბრუნეს, თავიდანვე ვთქვით, რომ მის შემოღებას შედეგები მოჰყვებოდა, ამას ვერ დავტოვებდით რეაგირების გარეშე
პაველ ჰერჩინსკი - დაპირებების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონი დააბრუნეს, თავიდანვე ვთქვით, რომ მის შემოღებას შედეგები მოჰყვებოდა, ამას ვერ დავტოვებდით რეაგირების გარეშე

დაპირებების მიუხედავად, რომ გამჭვირვალობის კანონი აღარ იქნებოდა წამოყენებული, გასულ წელს მმართველმა პარტიამ დააბრუნა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორი ეუბნებოდა „ქართულ ოცნებას“, რომ კანონი არ დაებრუნებინათ.

„ეს კანონი, რომელსაც ახლა გამჭვირვალობის კანონი ჰქვია და ადრე უცხოელი აგენტების ან უცხოელი ჯაშუშების კანონს უწოდებდნენ, ორი წლის წინ სცადეს, მიეღოთ. მმართველმა პარტიამ, ქართველი ხალხის ზეწოლით, რომლებიც ქუჩებში იდგნენ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, გადაწყვიტა ამ კანონის გაწვევა ორი წლის წინ. მიუხედავად დაპირებებისა, რომ ეს კანონი აღარ იქნებოდა წამოყენებული, გასულ წელს დააბრუნეს. თქვენ გქონდათ პროტესტების უზარმაზარი ტალღა საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში. პრაქტიკულად, საქართველოს ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, თანამოაზრე ქვეყნების, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ „ქართულ ოცნებას“ – გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. მხოლოდ ერთი ადგილი იყო, სადაც სოლიდარობის ხმა ისმოდა – მოსკოვი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვეუბნებოდით, ნუ გააკეთებთ ამას, საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა ამ კანონის შემოღებას. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა, ვენეციის კომისიამ, წარმოადგინეს დასკვნა. 30 გვერდი არგუმენტებისა, რატომ შეზღუდავს ეს კანონი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, რატომ გაანადგურებს ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებას, რატომ აიძულებს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გაუმჯობესებას, ქართველებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას, წავიდნენ ემიგრაციაში. სამწუხაროდ, ეს კანონი შემოღებულ იქნა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამას შედეგები მოჰყვებოდა. ჩვენ ვერ დავტოვებდით ამას რეაგირების გარეშე და სწორედ ეს ხდება ახლა.

მე მგონია, რომ თქვენ გქონდათ ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო წარსულში იყო მაგალითი, იყო ლიდერი ყველა სხვა ქვეყნისთვის, როდესაც საქმე გაფართოების პროცესს ეხებოდა. ეს იყო აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და პროფესიონალური ადმინისტრაცია. რაც ახლა ხდება, არის ის, რომ გამჭვირვალობის კანონი სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებს. და ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი, საჯარო მოხელე, საუკეთესო, რაც კი ქართულ ადმინისტრაციას ჰყავდა, ახლა დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდებიან, სამსახურიდან უშვებენ ან ნებაყოფლობით მიდიან, ეს ძალიან სერიოზულად აზიანებს საქართველოს წარმატებების ორ მთავარ საყრდენს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.