პაველ ჰერჩინსკი – აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირება, ეს არის ის, რაც მუდამ იქნება მაგიდაზე

19:33, 04.11.2026

სამი წელია, მიმდინარეობს უკუსვლა დემოკრატიის, მართლმსაჯულების კუთხით. არ შესრულდა არცერთი რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიისა და ევროკომისიისა, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის სრულ და ყოვლისმომცველ რეფორმას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კითხვა ეხებოდა გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია: „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

„საქართველომ ჯერ კიდევ უნდა განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული რეფორმა და განახორციელოს შესაბამისი რეკომენდაციები, გამოხატოს მიუკერძოებლობა მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემისა. მისი ნაკლოვანებები კვლავაც ძალიან აშკარაა. ძალიან მკაცრი განაჩენები, რომლებიც გამოიყენეს პროტესტის მონაწილეთა მიმართ, ქმნის ეჭვს, რომ მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო სისტემა გამოიყენება ოპრესიის, დაჩაგვრის ინსტრუმენტად. თუ არ მოხდება მართლმსაჯულების სისტემის სრული განხორციელება და იქნება ეჭვი, რომ ხდება გაკონტროლება მართლმსაჯულების სისტემისა, აუცილებელია, მოხდეს საგანგებო შემოწმებები მართლმსაჯულების სისტემის მიუკერძოებლობისა, მათ შორის საერთაშორისო სისტემების მიერ, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით.

სხვათა შორის, ეს რეკომენდაცია გაკეთდა გასულ წელსაც და იმის წინა წელსაც. უფრო მეტიც, ეს არის რეკომენდაცია, რომელიც გაკეთდა რიგი სხვა კანდიდატი ქვეყნების მიმართაც, მათ შორის ალბანეთის, უკრაინის მიმართ, მოლდოვის მიმართაც და ეს ქვეყნები ახორციელებენ ამ რეფორმებს. ამჟამად პროცესი არ მიმდინარეობს. არ არის პროცესი, არაფერი არ მიმდინარეობს. და ჩვენ ვახსენებთ, რომ აუცილებელია, მოხდეს სასამართლო სისტემის რეფორმირება. წელსაც ვახსენეთ, გასულ წელსაც, ოთხი წლის წინათაც ვახსენეთ. ეს არის ის, რასაც მუდმივად ვახსენებთ და მუდამ იქნება მაგიდაზე. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

მსგავსი