პაველ ჰერჩინსკი – არ არის მართალი, რომ ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია და კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაფართოების ანგარიშისთვის შემოვიდა ხელისუფლებიდან
თეორია, რომ ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია და კონტაქტები ხელისუფლებასთან, უბრალოდ არ არის მართალი. ყველა დაინტერესებულ მხარესთან გვქონდა კონსულტაციები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაფართოების ანგარიშისთვის შემოვიდა საქართველოს ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას: „თქვენ თქვით, რომ ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის ხელისუფლებისთვის საგზაო რუკა, რა არის გასაკეთებელი. დოკუმენტი მოცულობითია და შეფასებულია თითოეული სფერო, თუმცა იმ ფონზე, როცა ევროკავშირს პოლიტიკური დიალოგი შეჩერებული აქვს ხელისუფლებასთან, საანგარიშო პერიოდში არ გამართულა არანაირი კონსულტაციები ან თანამშრომლობა ევროკავშირსა და ქართულ ინსტიტუციებს შორის, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს ასეთი დოკუმენტი და ვისზე დაყრდნობით არის ამ ანგარიშში ასახული შეფასებები?“.
ელჩის განმარტებით, სწორედ ამ ინფორმაციის შეფასების საფუძველზე შემუშავდა ანგარიში.
„მახსოვს, თქვენ იყავით პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა მას შემდეგ, რაც იყო მოსმენები ჩემს თაობაზე ევროპარლამენტში, ჯერ კიდევ, ვიდრე ჩამოვიდოდი თბილისში, თქვენ პირველი იყავით.
თეორია, რომ ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია და არ გვაქვს კონტაქტები ხელისუფლებასთან, უბრალოდ არ არის მართალი. გაფართოების ანგარიში არის ძალიან დიდი სამუშაოს შედეგი, რომელიც გასწია სამოცმა კოლეგამ, რომლებიც მუშაობდნენ აქ, საქართველოს დელეგაციაში და ასობით კოლეგისა, რომლებიც ბრიუსელიდან მუშაობდნენ, რომლებიც ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ ყველა განვითარებულ მოვლენას საქართველოში. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გქვონდა კონსულტაციები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ღვაწლი, ინფორმაცია ამ გაფართოების ანგარიშისთვის შემოვიდა საქართველოს ხელისუფლებიდან. ორჯერ შემოვიდა, პირველად 27 აპრილს და მეორეჯერ 7 სექტემბერს. ორივეჯერ 530 გვერდზე მეტი, ძალიან დეტალური ინფორმაცია შემოვიდა. ყველა ეს შემოსული ინფორმაცია შეფასდა და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა 90-გვერდიანი ანგარიში გაფართოებისა, რომელიც მიყვება ყველა საკითხს.
ვაქებთ იქ, სადაც შეგვიძლია, შევაქოთ და თავად ანგარიშის დეტალებში თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ არის პოზიტიური შეფასებებიც. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები, გულწრფელები. ძალიან მკაცრად გულახდილები უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ გაფართოებას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. საქმე როცა ეხება ფუნდამენტურ ღირებულებებს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო სერიოზული უკუსვლა არის საქართველოში. რატომ ვიყენებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, იმიტომ, რომ ფუნდამენტური ღირებულებები ფუნდამენტურია, საკვანძო ღირებულებებია და გაფართოების პროცესი ეფუძნება უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს. თავი, რომელიც ეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობას, ადამიანის ღირებულებებს, არის პირველი თავი, პირველი თავი, რომელიც იხსნება ყველა კანდიდატ ქვეყანასთან და ბოლოა, რომელიც იხურება შესრულების შემთხვევაში კანდიდატ ქვეყანასთან. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელები. სამწუხაროდ, საქართველო რჩება კვლავაც კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელწოდებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.