პაველ ჰერჩინსკი - ამაყი ვარ, რომ ევროკომისიამ 8 ნოემბერს გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, წაიწიონ წინ, იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ მიჰყვებიან რეკომენდაციას
პაველ ჰერჩინსკი - ამაყი ვარ, რომ ევროკომისიამ 8 ნოემბერს გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, წაიწიონ წინ, იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ მიჰყვებიან რეკომენდაციას

ამაყი ვარ, რომ ევროკომისიამ 8 ნოემბერს ცალსახად გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, რომ წაიწიონ წინ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან მჭიდროდ მიჰყვებიან ევროპული კომისიის რეკომენდაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, სადაც კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში დასკვნითი მიღება გაიმართა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირში ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას, კონსენსუსს. ელჩის განმარტებით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმედი აქვს, 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას.

„რამდენიმე დღეში, უფრო სწორად, რამდენიმე საათში ჩვენ გვექნება ისტორიული შეხვედრა ბრიუსელში. მინდა, გამოვიყენო ზედსართავი – ისტორიული, რომელიც შეესაბამება ამ შემთხვევას. ევროკავშირის 27 ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ევროკომისიამ 8 ნოემბერს ძალიან ცალსახად გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, რომ წაიწიონ წინ და მოახდინონ პაკეტების ადაპტირება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით უკრაინასა და მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან მჭიდროდ მიჰყვებიან ევროპული კომისიის რეკომენდაციას. როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირში ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას, კონსენსუსს. ერთიანობა ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა განაცხადოს თანხმობა. ერთიანობა არც ისე მარტივია, ეს არის ძალიან მაღალი თამასა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას. ქალბატონო პრეზიდენტო, 8 ნოემბერს თქვენ დაიწყეთ იმ ადამიანების ხელმოწერების შეგროვების ინიციატივა, რომლებიც ემხრობიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ერთ-ერთი იმ ინიციატივათაგანი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მომავალს და ძალიან მიხარია, რომ თქვენ, ყველანი, იღებთ სხვადასხვა ფორმით ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში, იმედი მაქვს, ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 27-ვე დედაქალაქში. დღეს ამ ოთახში, ფაქტობრივად, ყველანი ვიმყოფებით, ბევრმა კოლეგამ იმოგზაურა მეზობელი ქვეყნებიდან იმისთვის, რომ აქ ჩამოსულიყვნენ, ზოგიერთი კოლეგა ჩამოვიდა საკუთარი დედაქალაქიდან, რათა მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში. ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და გადავუგზავნო ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ვინც ჩაატარებს ისტორიულ შეხვედრას, რომელიც დაიწყება ხვალ, დილის 10:00 საათზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მეც ვუერთდები პრეზიდენტის განცხადებას, მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ცოტა ხანში კიდევ ერთხელ მოგვეცემა აღნიშვნის შესაძლებლობა და ეს იქნება შესანიშნავი დღე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.