პატრიცია გრჟებიკი - მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ საჭიროა, გავითვალისწინოთ შესაძლებლობა, თუ დარღვევების მსგავსი შემთხვევები დადასტურდება ან გაგრძელდება
პატრიცია გრჟებიკი - მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ საჭიროა, გავითვალისწინოთ შესაძლებლობა, თუ დარღვევების მსგავსი შემთხვევები დადასტურდება ან გაგრძელდება

მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ საჭიროა, გავითვალისწინოთ ეს შესაძლებლობა, თუ დარღვევების მსგავსი შემთხვევები დადასტურდება ან გაგრძელდება, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ ინტერვიუში პატრიცია გრჟებიკმა განუცხადა, რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის ავტორია.

როგორც „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის მოწინააღმდეგეებში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, სისხლის სამართლის საერთაშორისო ხსენებას უკავშირდება.

„პატრიცია გრჟებიკი წერს, რომ რომის წესდების ხელმომწერ სახელმწიფოებს „შეუძლიათ, განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) – პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით“.

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ „ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც ასევე სცდება მისიის უფლებამოსილების ფარგლებს“.

პატრიცია გრჟებიკი ინტერვიუში ამ რეკომენდაციის გაცემის საფუძველს ასე განმარტავს: „საქართველოს პასუხიდან ჩანს, რომ აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით „სამართლებრივი ბრძოლის“ დაწყება მინდოდა. არა, ჩემი მიზანი იყო მხოლოდ იმის შეხსენება, რომ თუ არსებობს წამების შესაძლო ფაქტები, თუ ხდება დევნა ან სხვა არაადამიანური ქმედებები, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. ეს დანაშაული თუ დადასტურდა, საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერია, შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენცია, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ საჭიროა, გავითვალისწინოთ ეს შესაძლებლობა, თუ დარღვევების მსგავსი შემთხვევები დადასტურდება ან გაგრძელდება“, – აღნიშნავს გრჟებიკი.

პატრიცია გრჟებიკი ინტერვიუში სამ, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციას ასახელებს.„პირველი – თუ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას განიცდიან ან წამებას ექვემდებარებიან, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი; მეორე, მე შევაჩერებდი პოლიტიკური საფუძვლის მქონე სასამართლო პროცესების წარმოებას, რადგან, ჩემი აზრით, ოპოზიციის განადგურება სისხლის სამართლის პროცესების გზით ჩიხია – ამ გზას არსად მიჰყავხარ, ამცირებს პოლიტიკურ პლურალიზმს, რაც რეალური საფრთხეა დემოკრატიისთვის; მესამე საკითხი კი ის არის, რომ მე მესმის, რომ მათ არ სურთ კანონების გაუქმება, მაგრამ, ჩემი აზრით, მცდელობა, რომ გარკვეული საკითხები თუ პრობლემები დააზუსტონ, რათა შექმნან უსაფრთხო სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ანგარიშის ავტორმა.

კითხვაზე, როგორ ხედავს ის საერთაშორისო თანამეგობრობის როლს საქართველოს მხარდაჭერის პროცესში და რა ზომები იქნებოდა ყველაზე ეფექტური, პატრიცია გრჟებიკმა განაცხადა:

„აუცილებელია სიტუაციის მონიტორინგი, დიალოგში ჩართვა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. იმედია, ეს გაამართლებს. მე ამას ვიმედოვნებ არა ხელისუფლებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, რადგან ისინი იმსახურებენ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. ქართველი ხალხი მართლაც მშრომელი ხალხია. მათ უბრალოდ უნდათ, უსაფრთხოდ იცხოვრონ, აღზარდონ შვილები. თუ შევძლებ მათთვის ამ უსაფრთხო გარემოს შექმნაში დახმარებას, ძალიან ბედნიერი ვიქნები“, – აღნიშნა გრჟებიკმა.

ამასთან, პატრიცია გრჟებიკი საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, პროცესები წარიმართოს, მათ შორის, დიალოგის გზით.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც გულდასაწყვეტია, ფაქტი, რომ ხელისუფლება მზად იყო თანამშრომლობისთვის, საუბრისთვის, ახსნებისთვის, მიუთითებს, რომ ისინი ღია არიან დიალოგისთვის. ამიტომ, მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ არ აპირებს არცერთი რეკომენდაციის შესრულებას და რომ ეს უბრალოდ „სურვილების სიაა“, ვიმედოვნებ, რომ ისინი ღია იქნებიან დიალოგისთვის და ეცდებიან გარკვეული საკითხების დაზუსტებას“, – განაცხადა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა.