პატარძლეულის „ვეფხვებმა“ წლის ბოლო შეხვედრაში „ლოკომოტივი“ დაამარცხა | დიდი 10
„დიდი 10“-ში 2018 წლის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩემპიონატზე ამ სეზონში დაწინაურებული პატარძლეულის „ვეფხვები“ მოქმედ ჩემპიონ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და ტრიბუნებზე შეკრებილ მაყურებლებს სენსაცია შესთავაზა.
მატჩის პირველი ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა. შეტევის დასკვნით ნაწილში ორივე გუნდის მორაგბეები სცოდავდნენ და 40 წუთში ერთადერთი ლელო ვიხილეთ, რომელიც იუბილარმა დაჩი კოპაძემ დადო. „ვეფხვებმა“ მეტოქის გარდასახულ ლელოს ორი საჯარიმოთი უპასუხეს და პირველი ტაიმი 7:6 დათმეს.
მეორე ნახევარი გიორგი წიკლაურის ლელოთი გაიხსნა. ზურაბ ძნელაძე მეტოქეს რაქიდან გაეპარა, წიკლაურს შესანიშნავი გადაცემა ამოუგდო და ამ უკანასკნელს ლელოში შერბენა და ბურთის დამიწება აღარ გასჭირვებია.
„ვეფხვები“ შეხვედრაში სამი საჯარიმოთი დაბრუნდნენ და 62-ე წუთზე წინ მინიმალური ანგარიშით გავიდნენ – 15:14. თბილისელები ორიოდ წუთში კვლავ ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ დაპირისპირების ბოლო შვიდ წუთში პატარძლეულის გუნდმა ძალები მოიკრიბა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 74-ე წუთზე „ვეფხვებმა“ თავისი პირველი ლელო დადეს. ვანო გაბროშვილმა მეტოქის დაცვის ხაზი ძალისმიერი მიძალებით გაჭრა და ბურთი ძელებთან ახლოს დაამიწა. დაპირისპირების დამთავრებამდე სამი წუთი რჩებოდა, როდესაც თავი ვაჟა მამულაშვილმაც გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი საჯარიმო დარტყმით ლაშა გურგენიძემ დააფიქსირა – „ვეფხვები“ 32:19 „ლოკომოტივი“.
10 ტურის შემდეგ „დიდი 10“-ის სატურნირო ცხრილს „ბათუმი“ ლიდერობს. „ხარებს“ და „ლოკომოტივს“ 32-32 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. „ვეფხვები“ 10 ქულით მეცხრე ადგილს იკავებენ.