პასიკაშვილი და სუთიძე 100-იანთა კლუბს მიუახლოვდნენ - ასეთ წაგებას არ ვიმსახურებთ, ბოდიში, რომ იმედები გაგიცრუეთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ, ნინო პასიკაშვილმა ირლანდიასთან მტკივნეული დამარცხების (0:9) შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
„რთულია ასეთ წარუმატებელ პერიოდს თვალი გაუსწორო. ამდენი შრომა, ამდენი მოთმინება, ამდენი ტრავმებით გამოწვეული ტკივილი. ოთხმოცდაათი წუთი გაუჩერებლად მინდორზე სირბილი და ბოლოს, ულოგიკო დასასრული. იმის მიუხედავად, რომ მართლა სხვა პლანეტაზე არიან (ირლანდიელები). ალბათ, ბევრს გაგეცინებათ, რომელ ლოგიკაზე საუბრობს ეს გოგოო. მაგრამ, მე მაინც მჯერა! ნაკრებს, რომელსაც შეუძლია ითამაშოს 0:1 იტალისთან, 0:1 დანიასთან, 4:0 შვედეთთან, 3:1 შოტლანდიასთან, 0:9 ჩვენი თამაში არაა, არ ვიმსახურებთ. ბოდიში, რომ იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი – აქ ვართ მაგარი გოგოები, ვისაც შეგვიძლია ჭკვიანურად და ღირსეულად თამაში! ჩვენ ვართ საქართველო“, – წერს ნინო პასიკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პასიკაშვილმა ირლანდიასთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური 95-ედ მოირგო და მალე შეუძლია 100-იანთა კლუბში მოხვდეს. პასიკაშვილი „ჯვაროსნებში“ 2006 წლიდან, უკვე 16 წელია თამაშობს.
ასევე 100-მატჩიან ზღვარს მიუახლოვდა ნინო სუთიძეც, რომელიც ტრავმირებული იყო და ირლანდიასთან შეხვედრა ამის გამო გამოტოვა – მან ეროვნულ ნაკრებში ასევე 95 მატჩი ჩაატარა.
ორივე მათგანს აქვთ შანსი, ქართველი ქალი ფეხბურთელებიდან 10-მატჩიანი ბარიერი პირველებმა გადალახონ.