„პარტიზანის“ მწვრთნელი - პრობლემები გვქონდა და „იბერიამაც“ გვაჯობა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიასთან“ გამოვარდნის (0:2, 0:0) შემდეგ ტირანას „პარტიზანის“ მწვრთნელმა, ორგეს შეჰიმ კომენტარი გააკეთა და გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„ორივე თამაში ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პირველში წაგება ნაადრევად გაშვებულმა გოლმა და ჩვენი მოთამაშის გაძევებამ გამოიწვია. მეორე შეხვედრაში ჩემს გუნდს შევაქებ, თუმცა მომენტების რეალიზაციის პრობლემა გვქონდა. ამან საქმე გაგვირთულა. შანსები ვერ გამოვიყენეთ და სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შედეგს უნდა შევეგუთ.
მე არ ვარ პასუხისმგებელი ტრანსფერებზე. თუმცა, დაცვასა და ნახევარდაცვაში პრობლემა გვაქვს და ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებსაც შედეგის მოტანა შეუძლიათ და გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩნიათ, რადგან ევროტურნირზე სხვაგარად წინსვლა შეუძლებელია.
კონფერენს ლიგაზე 4 მატჩი ჩავატარეთ და ოთხივე გოლი ჩვენი შეცდომების შედეგად მივიღეთ. ასე მოხდა მალტურ „მარსაქსლოკთან“ და „იბერიასთანაც“. განსაკუთრებით დასანანი საქართველოში გაშვებული ბურთებია, რადგან ორივე გოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
მას შემდეგ, რაც ტიპე დაშავდა და მურატაიმ გუნდი დატოვა, მოედნის ცენტრში საგანგებო მდგომარეობა გვქონდა. რაპაი ალბანეთის საუკეთესო ფეხბურთელია და მას საქართველოში წითელი ბარათი აჩვენეს. თუმცა, მსაჯს შეეძლო ამ მომენტში სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო.
ყველაფერი გავაკეთეთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ „იბერიას“ ვერ ვაჯობეთ და ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ სუსტი გუნდები აღარ არიან. საერთოდ, ევროტურნირზე ცუდი დონე არ არის, თუ არ ჩავთვლით ანდორას, გიბრალტარის ან სან მარინოს გუნდებს.
არ არის კარგი, რომ ალბანური გუნდები საწყის ეტაპზე გამოვარდნენ. ყველა ალბანურმა გუნდმა უნდა გააუმჯობესოს თავისი ხარისხი. ფეხბურთს ყველა თამაშობს და კარგ მოთამაშეებს იმატებენ. ჩვენ კი ყოველ წელს 5 ფეხბურთელს თუ ვიმატებთ, 6 მიდის და კლასი მცირდება“, – ამბობს ორგეს შეჰი.