პარტიების წარმომადგენლებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლები ხვდებიან
სასტუმრო „რუმსში“ იმართება შეხვედრა, რომელზეც პარტიების წარმომადგენლებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ხვდებიან.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და პარტიების წარმომადგენლები მასზე რიგრიგობით შედიან.
უკვე გაიმართა შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ასევე, არასამთავრობოებთან. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ნიკა მელია და თინა ბოკუჩავა.
ამჟამად შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები.
პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.