პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

„ლელოს” თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დღეს არის გარდამტეხი მომენტი. ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, თუ სად გვინდა ვიყოთ ხვალ.

„ვიყოთ ღატაკები, თუ წარმატებულები, ამ არჩევანს ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, 21-ე საუკუნეში იდგეს იქ, სადაც დღეს დგას. ჩვენ 30 წელი ვიარეთ იმისთვის, რომ რა შეცდომებიც დავუშვით, იგივე არ დავუშვათ და წინ ვიაროთ, წარმატებისკენ.

რაღაც პერიოდი ალბათ სხვა სამყაროში ვცხოვრობდი, ვაშენებდი კომპანიებს, სამუშაო ადგილებს ვქმნიდი და ალბათ ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენთან არსებობს, გამომრჩა. რაც დღეს ხდება, რა პირობებშიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს ცხოვრება, არის სირცხვილი და ეს უნდა გამოვასწოროთ.

მოვდივარ კომბინატის დასახლებიდან და ამ მაგალითს ვყვები მათზე, მე დღეს ჩემი სახელით ყველას ბოდიში მოვუხადე, რადგან ამ მდგომარეობაში ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ამას მივეჩვიეთ ან მიგვაჩვიეს, მაგრამ ეს უნდა შევცვალოთ, ფუნდამენტურად. რეალურად „ლელოს” მარშალის პროგრამა საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმაა და მე ამას გპირდებით, რომ ამ გეგმით ოთხ წელში ყველას ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. აუცილებლად ავამოქმედებთ ანაკლიას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გააჩერა, რათა დავასაქმოთ ხალხი. ივანიშვილს კი ვეტყვი, რომ მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში. ვაფრთხილებ სუს-ს და სხვა პროვოკატორებს, რომ ვერ შეგვაშინებთ, ვერც მე და ვერც ჩემს გუნდს, რადგან „ლელო” ახალი რეალობისთვის იბრძვის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ზუგდიდის ოლქში „ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას თქმით, ანაკლია არის გზა, რომელიც ღირსეულად დაგვაბრუნებს აფხაზეთში. ამის გაკეთება კი მხოლოდ „ლელოს” შეუძლია.

„არ მინდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ჩემს მეგობარს ჩემს გვერდით დგომის ეშინიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ოპონენტი ვარ. ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვაშენებდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ ძლიერი პარტიის გვერდით, რომელიც ანაკლიის პროექტის მეშვეობით ჩვენს საყვარელ აფხაზეთში ღირსეულად დაგვაბრუნებს”, – აცხადებს ბელქანია.

მოსახლეობის წინაშე სიტყვით „ლელოს” დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია წარდგა. თავის სიტყვაში მან აღნიშნა, თუ რა გაუსაძლის პირობებში აცხოვრებს „ქართული ოცნება” ადამიანებს.

„31 ოქტომბერს იმ ჭაობიდან გამოვალთ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ჩასვა. ხოლო „ლელო” იქნება ის მედროშე ძალა, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან გამოიყვანს. ქვეყანაში სიდუხჭირეში მცხოვრები ხალხი არის იმ ოცნების სახე, რომლებიც ქვეყანაში სიპებს და აიპებს ქმნიან, კორუფციაში იხრჩობიან და ადამიანები სიდუხჭირისთვის ჰყავთ განწირული. ჩვენ კი პირობას ვიძლევით, რომ დაიწყება წინ მიმავალი ცვლილებები. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დასავლეთისკენაა და ამ გზით ვივლით”,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა „ლელოს” სახით შემოდის იმისათვის, რათა ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს იმედი, რომ მომავალ თაობას ექნება განვითარების პერსპექტივა.

„რომ 30 წლის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ გარღვევა და ჩვენი ქვეყანა გახდეს ისეთი ძლიერი, როგორი ქვეყნისთვისაც ვიბრძოდით. რთული ოქტომბერი გველოდება წინ, რადგან რუსული მანქანა „ქართული ოცნების” სახით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ მოგვერევიან”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.