პარტია „საქართველოსთვის“ მიმართავს მთავრობას, ოფიციალური თხოვნით მიმართონ ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით
პარტია „საქართველოსთვის“ მიმართავს მთავრობას, ოფიციალური თხოვნით მიმართონ ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით

დღეს არის აქტიური მოქმედების დრო, უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყოვნებლივი მიღებაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტია „საქართველოსთვის“ მიმართავს მთავრობას, ოფიციალური თხოვნით მიმართონ ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, უკვე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს დღეს არსებული ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი გუნდის საპარლამენტო წარმომადგენლები პარლამენტის ტრიბუნიდანაც მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან.

შევახსენებთ მათ, რომ ქვეყნის უზენაესი შეთანხმების – კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ეს არის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საზოგადოების გაერთიანების დროა!

სამწუხაროდ, რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ შვილებს უსპობს ღირსეული მომავლის პერსპექტივას. დღეს არის აქტიური მოქმედების დრო, უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყოვნებლივი მიღებაა“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.