პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, მაღალმთიან დასახლებებში შეღავათები ბაღის აღმზრდელებზე, საავადმყოფოებისა და სკოლების დამხმარე პერსონალზეც გავრცელდეს
პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, მაღალმთიან დასახლებებში შეღავათები ბაღის აღმზრდელებზე, საავადმყოფოებისა და სკოლების დამხმარე პერსონალზეც გავრცელდეს

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა გახარიას გუნდის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში სოციალური შეღავათების უფრო სამართლიან გავრცელებას გულისხმობს.

„ხუთ წელზე მეტია, საქართველოში მოქმედებს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათს იღებენ როგორც სოციალური, ასევე საგადასახადო და სხვა მიმართულებით. ამ დასახლებებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა როგორც მაღალმთიანი ფონდის, ასევე სხვადასხვა ფონდის დაფინანსებით. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, რადგან მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დამაგრება, მიგრაციის შეჩერება და ახალგაზრდების დაბრუნება ხელისუფლების და სახელმწიფო ზრუნვის ერთ-ერთ მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის ინიციატივა და შემოთავაზება გახლავთ, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათები გავრცელდეს სხვადასხვა მიმართულებით – კერძოდ, ვგულისხმობთ ჯანდაცვას და განათლების მიმართულებას“, – განაცხადა კერესელიძემ.

შალვა კერესელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მაღალმთიანი დასახლებებისთვის აუცილებელია, შეღავათები გავრცელდეს საბავშვო ბაღების აღმზრდელებსა და პერსონალზეც, ისევე როგორც სკოლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც ამჟამად ამ შეღავათებით არ სარგებლობენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ექიმებს და ექთნებს დანამატები ყოველთვიურად აქვთ, მაგრამ დანამატები არა აქვთ ჯანდაცვის დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა ტექნიკურ, თუ მომსახურე პერსონალს. იგივე მდგომარეობა გახლავთ სკოლებში. პედაგოგები იღებენ ყოველთვიურ დანამატებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ სხვა თანამშრომლები არ იღებენ დანამატებს. გარდა ამისა, განსაკუთრებული პრობლემაა, რომ ეს სოციალური შეღავათები საერთოდ არ ვრცელდება მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საბავშვო ბაღებზე, ბაღის აღმზრდელებსა და იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ არასწორი და ამავე დროს, არასამართლიანია“, – ამბობს კერესელიძე.

შალა კერესელიძე ხაზს უსვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა შეღავათების სამართლიანად გავრცელებაზე მოსახლეობის უკმაყოფილებიდან და მათი სურვილიდან გამომდინარეობს და მაღალმთიანი დასახლებების დემოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ჩვენი მიზანია არსებული პრობლემის გადასაჭრელად მოქმედ კანონში ცვლილების მიღების აუცილებლობა. ეს გამოიწვია მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სურვილმა და უკმაყოფილებამ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს, მეტად დაფასდეს მაღალმთიან რეგიონებში საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანები და გავუჩინოთ მათ როგორც სამართლიანობის განცდა, ასევე ბევრ ახალგაზრდა სპეციალისტს უკან დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დატოვე კომენტარი