პარტია „კონფედერაციის“ ლიდერი სლავომირ მენცენი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კაროლ ნავროცკის ანტიუკრაინული მოთხოვნების შემცველი დეკლარაციის შესახებ ახსენებს
პოლონეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „კონფედერაციის“ ლიდერმა, სლავომირ მენცენმა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება მიულოცა და ანტიუკრაინული მოთხოვნების შემცველი დეკლარაციის შესახებ შეახსენა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში მენცენმა იმედი გამოთქვა, რომ ნავროცკი „წინამორბედების შეცდომებს არ გაიმეორებს“.
„ვფიქრობ, გახსოვთ, რომ იმ მილიონობით ადამიანის ხმით გაიმარჯვეთ, რომლებმაც პირველ ტურში არ მოგცეს ხმა. თქვენ ჩემი ამომრჩევლების დარწმუნება მოახერხეთ ძალიან კონკრეტული დეკლარაციებით, რომლებსაც ჩემთან ერთად ხელი მოაწერეთ“, – აღნიშნა მენცენმა.
მენცენის თქმით, მისი ამომრჩეველი ელოდება, „რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება“ და „უკრაინის ინტერესებს ჩვენს ინტერესებთან ერთ დონეზე არ დააყენებენ“.
„მადლობას გიხდით საარჩევნო კამპანიაში ჯანსაღი კონკურენციისთვის და გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს პოლონეთის სამსახურში“, – წერს მენცენი.
ბიულეტინების 100%-ის დათვლის შემდეგ არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია: ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ – 49.1 პროცენტი.
შეგახსენებთ, კაროლ ნავროცკიმ, არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოფიციალურად მიიღო „კონფედერაციის“ ლიდერის, სლავომირ მენცენის მოთხოვნები, რომელთა შორისაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლის დაპირება. ნავროცკიმ სლავომირ მენცენთან ერთად, რვა პუნქტისგან შემდგარი დეკლარაციას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.