პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი - მინისტრ არსენ ტოროსიანს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა
პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი - მინისტრ არსენ ტოროსიანს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა

პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერის, ედმონ მარუკიანის თქმით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა. „ნიუს.ამის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება მარკუიანმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც მას ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს.

„რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? რა საჭირო იყოს იმის თქმა, რომ ქართველი მძღოლები ინფიცირებული არიან? რა იქნება, ქართველებმაც რომ იგივე თქვან ჩვენს მძღოლებზე და „მოუწყონ“ მათ კარანტინი? ამიტომ, ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, როდესაც განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა მარუკიანმა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სომხურმა მედიამ გაავრცელა. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, არსენ ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა. „ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს.

ამავე წყაროს ცნობით, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხემძღვანელმა საქართველოსა და სომხეთის მეთოდოლოგიებში სხვაობაზეც ისაუბრა. „არ გამაჩნია 100-პროცენტიანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად, თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა „პისიარ“ ტესტი არ იყოს. მათი ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრესტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგან ისინი ნდობას არ იწვევს“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, ტოროსიანი ასევე დაინტერესდა, საქართველოში სტატისტიკა მოიცავს თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ჰქონდათ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტესტი უტარდებათ საქართვლოს გავლით სომხეთში ჩასულ პირებს, მათ შორის, ქართველ მძღოლებს და ტესტის პასუხი დადებითია. „შეგვიძლია, ახლა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დღეში როდესაც ცხადდება ინფიცირების 1-2 ან 6 შემთხვევის შესახებ, ყველა შემთხვევა არ დასტურდება და არ ხდება სტატისტიკად? საბოლოო პასუხი ამ შეკითხვაზე მე არ მაქვს“, – განაცხადა ტოროსიანმა.