პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატებმა იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვისას რადას ტრიბუნა დაბლოკეს [ვიდეო]
პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატებმა უმაღლესი რადას ტრიბუნა დაბლოკეს სესიის დროს, რომელზეც იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოსა და ეკონომიკის მინისტრის, სვეტლანა გრინჩუკის თანამდებობიდან გათავსიუფლების საკითხი უნდა განეხილათ.
კორუფციული სკანდალის ფონზე გალუშჩენკომ და გრინჩუკმა გადადგომის შესახებ გასულ კვირას განაცხადეს
„დღეს ჩვენ არ მივცემთ ამ ორი მინისტრის გადადგომაზე კენჭისყრის საშუალებას. ჩვენ პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ მივცემთ ხმას ორთქლის გამოშვების და კორუფციული ვერტიკალის შენარჩუნების მცდელობას“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ.
პოროშენკოს თქმით, „ევროპულმა სოლიდარობამ“ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
„ჩვენ მოვუწოდებთ ალი ბაბას მთავრობის შეჩერებისკენ, კოალიციის ფორმირებისთვის, ფრონტისთვის თანხის გადანაწილებისკენ, პარტნიორებისა და ხალხის ნდობის აღდგენისკენ და უკრაინის გადარჩენისკენ“, – განაცხადა პოროშენკომ.
როგორც მედია წერს, „ენერგოატომში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში „ალი ბაბას“, სავარაუდოდ, უწოდებენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს.
ცნობისთვის, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციის და ეენრგეტიკის მინისტრებმა, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელმა, ტიმურ მინდიჩმა საკუთარი სახლის ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა დატოვა.