პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში 70-ზე მეტ ადგილზე ჩხრეკა ტარდება
სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში 70-ზე მეტ ლოკაციაზე ჩხრეკები მიმდინარეობს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩხრეკები უკავშირდება ათზე მეტ სისხლის სამართლის საქმეს, რომლებშიც გაგიკ წარუკიანი ფიგურირებს. კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება რამდენიმე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომლებიც ამ ეტაპზე გამოძიების პროცესშია.
მანამდე პარტიის ლიდერის პრესსპიკერმა, ივეტა ტონოიანმა განაცხადა, რომ გამომძიებლები ჩხრეკას ატარებდნენ გაგიკ წარუკიანის საცხოვრებელ სახლში. მოგვიანებით საგამოძიებო კომიტეტმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობს.