პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი - მთავარია, ვნახო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ მომენტში ჩემთვის ყველაფერია [ვიდეო]

მთავარი მიზანია, ვნახო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ მომენტში ჩემთვის ყველაფერია, – ამის შესახებ პაროდისტმა ქართლოს ნატროშვილმა ლიეჟში განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე დასასწრებად მივიდა.

„ჩემი იუმორით გიპასუხებთ, რომ ლიეჟი იქნება, იტალია თუ გერმანია, სადაც მიშა არის, ყოველთვის ვცდილობ, იქ მივიდე. ვინ იკრიბება, რა გეგმები აქვთ, ამას გავიგებთ მას შემდეგ, როდესაც დაიწყება ყრილობა. ინფორმირებული დიდად არ ვარ. ჩემთვის მთავარი მიზანია, ვნახო ადამიანი, რომელიც ამ მომენტში ჩემთვის ყველაფერია. მე არ ვიცი მიშას რა სურს და რა არა, მაგრამ მე მსურს მისი ნახვა. გადავდე ყველაფერი, ოღონდ ჩამოვსულიყავი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

კონსტიტუციის წყარო თუ არის ხალხი, ხალხი რასაც გადაწყვეტს, ყოველთვის იმას ვემხრობი. ხალხმა ხომ გადაწყვიტა 2012-ში ბიძინა – არის ბიძინა, მაგრამ ხალხამდე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მიშასთან. არჩევნების და ეგეთი რაღაცებისგან გვერდზე ვდგავარ. უბრალოდ მინდა, ვნახო მიშა სააკაშვილი. იუმორით ვხვდები ემიგრანტებს. მაქვს უფლება, რომ ჩავეხუტო მიშას ხმით, მიშას ემოციით. ეს არის და ეს“, – განაცხადა ქართლოს ნატროშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.