პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს პარლამენტმა გაიწვიოს აღნიშნული დოკუმენტი.

შეკრებილების განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ლაზარე გრიგორიადისი.

„ეს პროცესები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოაგდოს რუსული კანონი, კიდევ ერთხელ სცადოს, რომ კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები, დატოვოს უამრავი ადამიანი, მოქალაქე დახმარების გარეშე, დასავლური დახმარების გარეშე. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ერთად დავდგებით და ვაჩვენებთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, თამარ ჯაყელმა.