პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს
პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შეცვალეს“ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

შეკრებილებმა ადგილზე წითელი საღებავები მიიტანეს და მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კვალი დატოვეს.

როგორც აცხადებენ, მათ ამ ფორმით გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენები შეახსენეს.

„გიორგი გახარიას უნდა ახსოვდეს, რომ მისი და მისი გარემოცვის ხელები სისხლით არის დაფარული. უნდა იცოდნენ, რომ ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტული აქციების რეჟიმში ვიქნებით. გიორგი გახარიას დახვედრისკენ მიმართული პერფორმანსი იყო“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხანში საქართველოს მთავრობის მეთაურს ელოდებიან. გიორგი გახარია დეპუტატებს კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული 2-თვიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.