პარლამენტთან მედიასაშუალების წარმომადგენლები გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უკანონოა, შიმშილობა კი საფრთხეს უქმნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა და რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის გვერდითა შესასვლელთანაც გადაინაცვლეს, რა დროსაც პოლიციამ მათ მოუწოდა, გზის სავალ ნაწილი არ დაეკავებინათ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზის სავალი ნაწილის დაკავებას არ აპირებდნენ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ჩამოვედით ჭიშკართან, გვითხრეს, ჭიშკართან ვერ გაჩერდებითო. კი ბატონო, დავემორჩილეთ პოლიციელების მოთხოვნას, გადმოვედით ტროტუარზე. სრულიად მოულოდნელად, გაუთვალისწინებლად, უკნიდან მოგვადგნენ ნიღბიანები, გვაწვებოდნენ, გვათრიეს, რამდენჯერმე მივარტყი ფეხი“, – განაცხადა „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იმყოფებიან. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აქციაზე ცოტა ხნის წინ ვითარება ისევ დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს.