პარლამენტთან ძიუდოისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
პარლამენტთან ძიუდოისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ძიუდოისტებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

„ჩვენ ვდგავართ აქ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რა მდგომარეობაშია ქართული ძიუდო, უშუალოდ ვინ მართავს ფედერაციას და ვინ არის დავით ქევხიშვილი. იგი ყველა გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, ყველასთან შეუთანხმებლად. აქედან გამომდინარე, მასთან მუშაობა არის შეუძლებელი.

მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა.

ჩვენ დაახლოებით ერთი თვეა ვერ ვარჯიშობთ. მოუწოდებთ ქვეყნის პირველ პირს, ეს იქნება, პრემიერ-მინისტრი თუ ბიძინა ივანიშვილი, გამონახონ დრო და მოგვისმინონ“,- განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ამასთან, ლიპარტელიანი ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლუი ვადენბოშის საქართველოში ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ ქევხიშვილი არის ერთპიროვნული მმართველი. როდესაც ასეთი სიტუაციაა გუნდში, როდესაც ნაკრების ნახევარი შენს გადადგომას მოითხოვს, რა ნამუსით უნდა ეძებდე მწვრთნელს, როდესაც შიგნით დალაგებული არ გაქვს სიტუაცია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მას არ აინტერესებს ჩვენი პოზიცია. გულშემატკივარმა შეაფასოს მისი დამოკიდებულება“,- განაცხადა ლიპარტელიანმა.