პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ადგილიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა, თუმცა მოხდა თუ არა მათი დაკავება, ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.
მოგვიანებით, პარლამენტთან შეკრებილებმა მსვლელობა გამართეს. ისმოდა შეძახილები: „მონა“, „მონა“, რა დროსაც, მსვლელობის მიმდინარეობისას კვლავ მოხდა დაპირიპისპირება. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს.
პარლამენტთან სოლიდარობის აქცია 12:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები გუშინდელ აქციაზე ორი პირის დაკავებას აპროტესტებენ. მათი თქმით, დაკავებულები სამართალდამცველებს აღდგომას ულოცავდნენ, რაც, აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების მიზეზი გახდა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცველების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.