პარლამენტთან აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც
პარლამენტთან აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოსთან პერიოდულად ვითარება იძაბება.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც, მათ შორის გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, აკაკი მინაშვილი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან გამოჩნდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ამასთან, მორიგი განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს.

ამავდროულად, უწყებაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.