პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში სამი პაციენტი მოხვდა, მათგან ერთი უკვე გაწერეს
პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში სამი პაციენტი მოხვდა, მათგან ერთი უკვე გაწერეს

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ორი პირი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრში ცხვირის ძვლების მოტეხილობით შეიყვანეს. დაზარალებულს ამ წუთებში უკეთდება ოპერაცია. ექიმების ინფორმაციით, ოპერაციის დროს მედიკოსები მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაციას შეეცდებიან. როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაზიანება ბლაგვი საგნით არის მიყენებული.

„კავკასიის მედიცინის ცენტრში შემოიყვანეს ცხვირის ძვლების მოტეხილობით. ტრავმა მიყენებულია ბლაგვი საგნით. ამ წუთებში უტარდება ქირურგიული ჩარევა. მოტეხილი ნაწილების ფიქსაცია მოხდება, რომლის შემდეგ მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში გააგრძელებს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია“, – განაცხადა კავკასიის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.

კიდევ ერთი დაშავებული, 40 წლამდე მამაკაცი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. დაშავებული ტვინის შერყევით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ შეიყვანა. უკვე ჩატარდა კვლევები, რის შედეგადაც პაციენტი მკურნალობას ნევროლოგიურ განყოფილებაში აგრძელებს.

18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში სულ სამი პაციენტი მოხვდა, მათგან ერთი უკვე გაწერეს.