პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი იმყოფებიან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებიან.

მათ შორის აქციაზე არიან გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

„მშვიდობიანი პროტესტი რატომ უნდა დაიშალოს? ეს არის უკანონობა, ესენი არიან ბიძინას მცველები. გადმოდით ხალხის მხარეს, ბიჭებო. თქვენც გყავთ მეგობრები, ძმები, დები, შეიძლება, აქეთ მხარეს არიან. პარლამენტისთვის წრის მორტყმა არის მშვიდობიანი პროტესტი. აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტი იყო, პარლამენტარები გაიყვანეს და სპეციალურად მოიყვანეს ადამიანები, რომლებმაც თავდასხმა მოაწყვეს მოქალაქეებზე, მშვიდად იყო ყველაფერი. რას ვამწვავებ, წინა ხაზზე ვდგავარ და ამათ (პოლიციას) ვაჩერებ, რომ ხალხს თავს არ დაესხან. შეეშვით ხალხის თვალწინ პროვოკაციებს, მშვიდობიანად არ ვდგავარ? ვინმე რამეს არღვევს, ვინც აქ არის? რაღაც დაძაბულობებს რომ ქმნიან ხელოვნურად, რატომ ქმნიან? პროვოკაცია არის ის. ბიძინა, ხალხი უკან არ დაიხევს. პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიძინას ეკისრება, სხვას არავის და ხალხი პასუხს მას აგებინებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.