პარლამენტთან აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და შესაბამის უწყებებს ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებენ
პარლამენტთან აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და შესაბამის უწყებებს ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულები მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავენ, რომ 11 ივნისს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დროული მოკვლევა აწარმოონ.

როგორც გიორგი ხაბურძანიამ აღნიშნა, დაკავებები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე განხორციელდა იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მათი თქმით, პოლიციამ ძალას გადაამეტა.

„მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ ორგანოს, ვისაც ევალება აღნიშნული საკითხის განხილვა. დროულად დაიწყონ მოკვლევა შსს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, რომელიც 11 ივნისს პოლიტიკოსებისა და აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებებით დასრულდა. აღვნიშნავთ, რომ სასამართლო პროცესზე ვერც ერთმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება ჩვენი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რაც მათ პროცესზეც აღნიშნეს, რომ არ დაუნახავთ ჩვენ მიერ ჩადენილი რაიმე დანაშაული. ეს დაკავებები იყო პოლიტიკური და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, დაეშალათ და დაესაჯათ ყველა იქ მყოფი. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებზე, მათ შორის არასრულწლოვნებსა და ქალბატონებზე. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ მაღალჩინოსნების თანამშრომლების გამოვლენა და უმკაცრესად დასჯა, რომლებმაც უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება აქციის მონაწილეებს და იძალადეს მოქალაქეებზე“, – განაცხადა გიორგი ხაბურძანიამ.

რუსთაველის გამზირზე 11 ივნისს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც სულ 19 მოქალაქე დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი ძებნილი და ერთი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.