პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის ინციდენტი მოხდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის ინციდენტი მოხდა.
ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე სიტყვით გამოდიოდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ ბერძენიშვილმა ლევან ვასაძეს დუგინის მეგობარი და რუსეთის აგენტი უწოდა, რასაც პარლამენტთან შეკრებილი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების გაღიზიანება მოჰყვა. ბერძენიშვილს წყალი შეასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა.
„ლევან ვასაძე ხალხს მიმართავდა და ფსევდოეროვნული ღირებულებებით შეფარულ რუსულ ნარატივს აჟღერებდა. საბოლოოდ განმარტება გააკეთა, რომ ახლა რუსეთის აგენტობას დამაბრალებენ, რადგან ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვებრძვიო. ესეც ძალიან დიდ თანხვედრაშია რუსულ ინტერესებთან, მაგრამ პირველ რიგში, მას რუსეთის აგენტობას იმიტომ ვუმჟღავნებთ, რომ დუგინის დაუფარავი ძმაკაცია. როცა ეს ხმამაღლა განვაცხადე, ადამიანებში პროტესტი გამოიწვია. ოღონდ მათ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში მაინცდამაინც ძლიერი უნარები არ აქვთ. წყალი შემასხეს, მაგინეს და ფიზიკურად გამოიწიეს. მამაოებმა მითხრეს, საქათმეში შედი და ნუ ჭყიპინებო.
ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ვარ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც ჯებირს ეძიძგილავებოდა, ვკითხე, რა გინდა, აქაც მცოცავი ოკუპაცია ჩამოგვიყვანეთ-მეთქი და მიპასუხა, რომ სულ არ დავამთავროთ ეგ აქციაო. ანტისაოკუპაციო აქციას ვინმე როგორ დაამთავრებს ამ ქვეყანაში და მშვიდობიან პროტესტანტებს თვალებს როგორ დათხრის, მაგასაც ვნახავთ. აქციას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. ჩვენი აქცია არავითარ შემთხვევაში არსად არ გადაინაცვლებს და არც ამ უმნიშვნელოვანეს ტრიბუნას დათმობს, რომელსაც ახლა ანაფორას ამოფარებული ძველი ბიჭები და ფსევდო ღირებულებებს ამოფარებული ვითომ პატრიოტები, სინამდვილეში რუსეთის აგენტები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად შეგვიზღუდონ. ყოველგვარ ძალადობრივ მეთოდს ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა ზურაბ ბერძენიშვილმა.