პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლაშა ქოჩიაშვილს გაესაუბრებიან
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლაშა ქოჩიაშვილს გაესაუბრებიან

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები დღეს რიგით მეჩვიდმეტე კანდიდატს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ლაშა ქოჩიაშვილს გაესაუბრებიან.

ლაშა ქოჩიაშვილი კომერციულ დავებს იხილავს. მის სახელს უკავშირდება ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორებიცაა ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „მაესტროს“ საქმეები, ასევე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმე, კერძოდ, დავა გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებსა და ჯოზეფ ქეის შორის. უვადო მოსამართლეობის კანდიდატთან დეპუტატებს კითხვები სწორედ მის სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით აქვთ.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას ლაშა ქოჩიაშვილთან კითხვები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან და ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ექნება. როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მხოლოდ ფორმალობაა.

„კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმე სწორედ „რუსთავი 2“-ის საქმეა, რადგან, ჩემი აზრით, ეს საქმე ყველაზე ნათლად აჩვენებს, რაოდენ კოორდინირებულად და ორკესტრირებულად მოქმედებდა სახელმწიფოს ყველა შტო, მათ შორის სასამართლო. თუმცა, სხვა კითხვებსაც, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე, ბუნებრივია, მას დავუსვამთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს პოზიტიურად აფასებს. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გამჭვირვალე პროცედურები მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის გამოაშკარავების საშუალებას იძლევა.

„პოზიტიურია, ბუნებრივია ის, რომ ასეთი ტიპის ფორმატში იმართება პროცესი პარლამენტში, რაც ჩვენი ძალისხმევის შედეგია. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას არა მარტო ჩვენ, პოლიტიკურ ოპოზიციას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისეთი კითხვები დასვან, რომლებიც გამოააშკარავებს თუ როგორი მოსამართლეები არიან. არიან მოსამართლეები, რომლებიც ელემენტარული კეთილსინდისიერების ტესტს ვერ აკმაყოფილებენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატებთან მიმართებით მწვავე კითხვებზე პასუხების მოსმენის შემდეგ მიიღებენ.

„ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატს, კვლავ ვაპირებთ დავუსვათ საკმაოდ კრიტიკული კითხვები, ის კითხვები, რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას. შესაბამისად, გაცემული პასუხების, მისი ბექგრაუნდის, ისევე როგორც ყველა მოსამართლეობის კანდიდატის, საბოლოო ჯამში, უკვე ამ კრიტერიუმებით მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც პროცესი უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც კანონმდებლები მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს. უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილია.