პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ
პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ

პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.

რიგგარეშე სხდომას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ და ინტერესდებიან, მმართველი გუნდი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესიდან რატომ თიშავს პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანო რატომ ამბობს უარს საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე.

ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, ის არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ კანონპროექტში შემზღუდავი ნორმებია, რომელიც უფლებამოსულების ბოროტად გამოყენების მცდელობას შეზღუდავს.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.