პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს
პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.

„ასოცირების შეთანხმება ჩვენთვის რჩება მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს და ქმნის იმ გარემოს, რასაც ევროკავშირთან მაქსიმალური პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ჰქვია. დღეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, მაგრამ ასოცირების შეთანხმება კვლავ რჩება იმ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ყველაზე მთავარი, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და შეიქმნას ის საფუძველი, რაც რეალურად საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნად გახდის“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მთავარი მიზანია, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, რისთვისაც ე.წ. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს.

მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ მიღწეულმა პროგრესმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაეკეთებინა, რის საფუძველზეც, 23 ივნისს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

„საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო შემდგომ ჩაერთო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის შემუშავებაში. აღნიშნული ამოცანისთვის ევროკომისიის მიერ ქვეყნებს მინიმუმ ექვსთვიანი პერიოდი ეძლევათ, თუმცა საქართველომ დაახლოებით ერთ თვეში მოახერხა კვალიფიციური პასუხების გაცემა კითხვარში მოცემულ 3 300-მდე კითხვაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან უკვე კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება.

„საქართველო გახდა გაფართოების პაკეტის წევრი, რაც არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც გლობალურად, ასევე ქვეყნის შიგნით, რადგან საქართველო უკვე განიხილება კანდიდატ წევრ ქვეყნებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტული საკითხები უკვე ახალ ფორმატებში იდგება ევროკავშირთან ურთიერთობისას. მომავალი წლის შემოდგომაზე ველოდებით, რომ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს საბოლოოდ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“, – განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს წარმატებით აქვს განხორციელებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების დაახლოებით 50%, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების მიმართულებით ევროდირექტივებისა და რეგულაციების დაახლოებით 60% უკვე ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველო წარმატებით განაგრძობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველომ დაასრულა მუშაობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომელიც შვიდწლიანია და საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებს აერთიანებს.

როგორც თეიმურაზ ჯანჯალიამ აღნიშნა, ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების ინსტრუმენტების ათვისების მხრივ, საქართველო არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, არამედ მთლიანად ევროკავშირის სამეზობლოში ლიდერ სახელმწიფოდ დასახელდა.

„12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, საქართველოს უკვე აქვს პროგრესი. თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც ყველა რეკომენდაცია, გარკვეულწილად, შესრულებულია. არის ისეთი საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირი-ს შეფასებების მომზადებას უკავშირდება. შესაბამისად, ეს სცდება დროის იმ ჩარჩოს, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები ხარისხიანად და ამ ორგანიზაციების ჩართულობით შესრულდეს. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თორმეტივე რეკომენდაციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ჩვენი მხრიდან მათი დიდი ნაწილი სრულყოფილად შესრულებულია“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.