პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელია.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ, სადაც აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე მოხდება. მათ შორის იქნება თბილისი და რეგიონები.

სხდომას ესწრებიან როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრები და კონსტიტუციონალისტები.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე შეიქმნა. მას მხარი დაუჭირა 118-მა დეპუტატმა.

კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

აღნიშნული კომისია იმსჯელებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება.