პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება, დამტკიცება კი, დეკემბრის ბოლომდე მოხდება

18:32, 26.08.2019

პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება, სამი მოსმენით დამტკიცება კი, დეკემბრის ბოლომდე მოხდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, საარჩევნო ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით დამუშავების პროცესშია.

მისი თქმით, ცვლილებების მიღება საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მოხდება, დეკემბრის ბოლომდე კი, ცვლილებების სამ ეტაპად განხილვა იგეგმება.

„კანონპროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთაგან ერთ-ერთი პარტიების დაფინანსების საკითხია. ეს რეფორმა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რაც ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებას ეხება. საქართველომ პირობა დადო, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდებოდა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მოხდებოდა“, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

დეპუტატის ცნობით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სექტემბერში, ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვები გაიმართება, შემდეგ კი, სასესიო განხილვები დაიწყება დაიწყება და საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში ნოემბრის დასაწყისისთვის შევა, თუ მას მხარს დეპუტატების საკმარისი რაოდენობა დაუჭერს.

პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციური პროექტისა და „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვა მოუწევს.

საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და არჩევნების ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს, რომელიც უკვე ინიცირებულია.

რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს, „ქართულმა ოცნებამ“ პროექტი საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აგვისტოს დასაწყისში წარუდგინა. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებები ეხება – საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, სარეკლამო დროს, ანტირეკლამის განთავსებას, პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას ეხება.

მსგავსი