პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან ტრაგიკულია, რაც მოხდა. ვიზიარებ პირველ რიგში ოჯახის, მეგობრებისა და ჟურნალისტების მწუხარებას. ძალიან კარგად ვხედავთ, რამხელა ვნებათაღელვაა. ჩვენ გვესაჭიროება სრული მობილიზება და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხვალ და ზეგ აღარ დაუშვებს, მსგავსი ფაქტები რომ განმეორდეს. საუბარი არის ძალადობაზე და საუბარია იმ პასუხგაუცემელი კითხვების პასუხის გაცემაზე, რომლებიც ამ პრევენციის საშუალებას მოგვცემს ხვალ. დიახაც, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც მინისტრი მოვა და ყველა ამ კითხვაზე გასცემს პასუხს. მე ვთვლი, რომ მხოლოდ კომიტეტის ჩატარება საკმარისი არ იქნება და გთავაზობთ, ვიმსჯელოთ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომ ერთი რიგგარეშე სესია ჩატარდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მოვუსმენთ მინისტრს და ყველა მას, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი. აუცილებელია, მკაცრად პასუხის გაცემა ყველა იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ვიხილეთ და რომელზეც აუცილებელია, იყოს რეაგირება, თუ გვინდა, ხვალ ავაშენოთ მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყანა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.