პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მუნიციპალიტეტებში მოქალაქეების ჩართულობას ეხება
მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
სხდომას დეპუტატებთან ერთად კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ასევე, თემატური მოკვლევით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თემატური მოკვლევის დაწყების მიზანია, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობა, ასევე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ამ მიმართულებით არსებული კარგი პრაქტიკის შესწავლა და იმ პრობლემების აღნუსხვაა, რომელიც მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ეფექტურ ჩართულობას ხელს უშლის. თემატური მოკვლევის ჯგუფი საკითხის შესწავლის შემდეგ სამ თვეში დასკვნას დადებს და დოკუმენტში პასუხისმგებელ პირთა მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
„ჩვენი კომიტეტის ინიციატივით დაიწყო თემატური მოკვლევა მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. როგორც ჩვენს, ეს საკითხი აქტუალურია ქვეყანაში, ასევე, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც შესაბამისად ვცდილობთ, ამ პროცესებს ხელი შევუწყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. დღეს პირველი შეხვედრა მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ჰქონდეს, ამ პროცესში ჩაერთოს, თავისი მოსაზრებები და მიდგომები გაგვიზიაროს, რათა შემდგომში ჩვენ საშუალება მოგვეცეს, შევიმუშაოთ ისეთი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც რეალურად ქმედითი იქნება და რეალურად დაეხმარება ამ პროცესის გააქტიურებას და მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას“, – განაცხადა დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.