პარლამენტში მოქალაქეთა განახლებულმა მისაღებმა მუშაობა დაიწყო
პარლამენტში მოქალაქეთა განახლებულმა მისაღებმა მუშაობა დაიწყო

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ მოქალაქეთა განახლებული მისაღები გახსნეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განახლებული სივრცე ხელს შეუწყობს პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას.

„ჩვენ დღეს გავხსენით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი. ეს გახლავთ ღია მმართველობის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული ერთ-ერთი იდეა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ განხორციელდა, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამ დრომდე არ გახსნილა. ახლა, უკვე შესაძლებელია, მოქალაქეებისთვის ეს სივრცე არსებობდეს, სადაც ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება. ამ სივრცეში, ასევე, მოეწყო შეხვედრების ორი ოთახი, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეები შეხვდნენ როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის თანამშრომლებს. მოქალაქეთა განახლებულ მისაღებში არის სივრცე ბავშვებისთვისაც. როდესაც ვიზიტორები მცირეწლოვანი ბავშვებთან ერთად მოვლენ, გარკვეული სერვისების მიღების პერიოდში ბავშვები ამ სივრცეში ყურადღების ქვეშ იქნებიან. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორებს ამ იდეისთვის და ღია მმართველობის საბჭოს, რომელმაც ეს იდეა აიტაცა და განახორციელა ჩვენი აპარატის ჩართულობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეთა განახლებულ მისაღებში ვიზიტორებს ბევრი სიახლე დახვდებათ.

„ამ სივრცეში მოქალაქეები „ერთი ფანჯრის“ მომსახურების პრინციპით მიიღებენ როგორც მათთვის საჭირო ნებისმიერ სერვისს, ასევე დამატებით მივაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რომლითაც მათ საპარლამენტო ცხოვრებაში გაცილებით უფრო აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ელექტრონული მონიტორი, სადაც სპეციალურად ვიზიტორებზე გათვლილი საინფორმაციო პროგრამაა გაშვებული. ასევე, ეკრანზე ყოველთვის იტრიალებს სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო კლიპები. აქვე განთავსებულია საინფორმაციო დაფა სხვადასხვა სახის საინფორმაციო პუბლიკაციებით. აღსანიშნავია საბავშვო სივრცის ამოქმედებაც, სადაც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მოსული ვიზიტორი შეძლებს სრულფასოვანი მომსახურების მიღებას“, – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.