პარლამენტში ინტერპელაციის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს
პარლამენტში ინტერპელაციის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, ინტერპელაცია ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ, მარტსა და მაისში, ასევე სექტემბერსა და ნოემბერში იმართება.

ინტერპელაციის რაოდენობის გაზრდას ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით სამუშაო პროცესშია ჩართული.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ინტერპელაციის კიდევ უფრო ხშირად გამოყენება შეიძლება და ეს ვალდებულება შეიძლება, გაიზარდოს.

„ფაქტობრივად, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე კონსენსუსს ვაღწევთ, მათ შორის თანამდებობის პირების პარლამენტში უფრო ხშირად მოსვლასთან დაკავშირებით. არსებული რეგლამენტი საპარლამენტო კონტროლის ფართო საშუალებებს მოიცავს, რისი დახვეწაც და გამდიდრებაც შესაძლებელია. წლის განმავლობაში, პარლამენტს მოსასმენი დაახლოებით 24 გარე ანგარიში აქვს მოსასმენი, როცა სხვა ინსტიტუციები უნდა მოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ საკანონმდებლო ორგანოს. ასევე მოსასმენია დაახლოებით 30 შიდა ანგარიში. სულ არის 72 პლენარული დღე. ანუ პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი დათმობილი აქვს ანგარიშების მოსმენას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. ადრესატი კი ვალდებულია, შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.