პარლამენტში გია ვოლსკი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს დეპუტატები, გია ვოლსკი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა გია ვოლსკის განცხადება, რომელიც მან ტრიბუნასთან გააკეთა. კერძოდ, ვოლსკის თქმით, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკურ საქმიანობას იწყებდნენ, მას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა 17 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც „თიბისი ბანკიდან“ გავიდა. ვოლსკიმ, როგორც თავად ამბობს, ჟურნალისტს უპასუხა, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ჯერ ამ საკითხზე უნდა გაეცათ პასუხი და შემდეგ ესაუბრათ პოლიტიკის თემაზე.

ვოლსკის თქმით, ამ განცხადების გამო, „ლელოს“ ლიდერებმა მას სასამართლოში უჩივლეს.

„ვთქვათ, მოიგეთ სასამართლო, 290 000 ლარი საიდან უნდა გადავიხადო? თუ ჩემი ბინის წაღება გინდათ? კარგად იცით, რაც მოხდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ადგილიდან გააპროტესტეს.

„სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და პასუხი არ არის, ორი წელი გავიდა და პასუხი არ არის. რა გგონიათ, ზღაპრებს გალაპარაკებთ? ყოველ მეორე დღეს სასამართლოში გვატარებდით და თქვენ წინააღმდეგ რომ შევიტანეთ სარჩელი, ორი წელია, სასამართლოს სხდომაც კი არ ჩატარებულა, ასეთ განცხადებებს არ გაგიტარებთ“, – მიმართა ხაზარაძემ ვოლსკის.

ამ დროისთვის პოლიტიკურ მხარეებს შორის ინციდენტი ამოწურულია.

დატოვე კომენტარი