პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლითაც განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას
პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლითაც განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, დამატებით განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტში 2018 წელს მოხდა და მისი მომზადების მიზეზად ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის არიდება დასახელდა. კერძოდ, ცვლილებებით განისაზღვრა, რომ თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია: ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა; ასევე უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;

სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის. კერძოდ, ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის
შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. ასევე ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს

თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; ყალბი საბუთების გამოყენებით, ეს გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ხოლო მითითებული ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

საკანონმდებლო პაკეტში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს გარკვეული მიზანმიმართული ღონისძიებები, რათა შეამციროს საქართველოდან იმ მოქალაქეთა ნაკადი, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

დატოვე კომენტარი