პარლამენტში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გაიხსნა
პარლამენტში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გახსნეს.

მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით.

„ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე, სრული წარმოდგენა შეექმნება და გაეცნობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებშია დაცული. ვიზიტორები თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციასაც გაეცნობიან, რომელიც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა. როგორც პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, „ღია მმართველობის“ პროგრამის ფარგლებში გადაწყდა, რომ მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი გაკეთებულიყო პარლამენტის შენობაში, რაც მეტ მოქალაქეს მისცემდა საშუალებას, რომ პარლამენტის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ. მისი თქმით, პარლამენტარიზმის განვითარების მუზეუმის იდეა მე-9 მოწვევის პარლამენტში გაჩნდა და მის კონცეფციაზე და განხორციელებაზე სამუშაო ჯგუფმა იზრუნა, რომლის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური არქივის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ჰერალდიკის, კულტურის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლები შედიოდნენ. „ცენტრი იქნება ღია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის და მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორია ასი წლის განმავლობაში“, -განაცხადა გივი მიქანაძემ.

სამუზეუმო სივრცეში განთავსებულია, როგორც საბჭოთა საქართველოს რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია, ასევე 1990 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დამადასტურებელი სხვადსხვა მასალები. მუზეუმში წარმოდგენილია ასევე საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ამსახველი ფოტოკოლაჟი. მუზეუმი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და განკუთვნილია მნახველთა ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის-სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის. მუზეუმს გააჩნია სივრცე, სადაც მნახველები ქართული პარლამენტარიზმის შესახებ ნახევარსაათიან დოკუმენტურ ფილმს იხილავენ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს.

„ექვთიმე თაყაიშვილს ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი საუნჯის, ჩვენი საგანძურის შენარჩუნებაში. ქართული პარლამენტარიზმის მემკვიდრეობა სწორედ იმ მემკვიდრეობას ეყრდნობა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა სხვა დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად შეუნარჩუნა ჩვენს ქართულ დემოკრატიას. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ მემკვიდრეობას კარგად გავაგრძელებთ“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალები ესწრებოდნენ.