პარლამენტში ემიგრანტებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
პარლამენტში ემიგრანტებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში ემიგრანტებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და თანამემამულეებისთვის პანდემიის პერიოდში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ბექა ოდიშარიამ გლობალური პანდემიის დროს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა პანდემიის დროს თანამემამულეებს გაუწიეს.

„დღეს ვმასპინძლობთ იმ დიასპორელებს, ძირითადად პროფესიონალ და წარმატებულ ექიმებს, რომლებიც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მოღვაწეობენ, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწლი გაწიეს პანდემიის პერიოდში თანამემამულეების მიმართ. ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ის, რაც არ ჩაუდენია მსოფლიოს არც ერთ დიასპორას. არც ერთი უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა პანდემიის პერიოდში ისე არ მოქცევია თავის გაჭირვებაში მყოფ დიასპორელებს, როგორც მოექცა საქართველო, მეამაყება, რომ ქართველ დიპლომატებთან ერთად, ჩვენმა დიასპორამ მთელს მსოფლიოში გამოიჩინა უპრეცედენტო დამოკიდებულება საკუთარი თანამემამულეების მიმართ, რომელთაც სჭირდებოდათ დახმარება ამ ურთულეს პერიოდში. ჩვენ მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოგვეყვანა ეს ადამიანები, თუმცა, ვპირდები თითოეულ მათგანს, რომ ქართული სახელმწიფო და საქართველოს პარლამენტი ღირსეულად დააფასებს მათ ღვაწლს. ძვირფასო დიასპორელებო, მადლობა რომ არსებობთ, იმისათვის, რომ სადაც თქვენ ხართ, იქ არის საამაყო და ხარისხიანი საქართველო“, – მიმართა ბექა ოდიშარიამ ღონისძიების სტუმრებს.

საზეიმო მიღების მონაწილეებს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მან ქართული სახელმწიფოს პოლიტიკასა და იმ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყნის წინსვლისთვის ხელისუფლების მხრიდან იდგმება.

პირველმა ვიცე-სპიკერმა დიასპორელ წარმატებულ ექიმებს, საქმიანობისთვის და განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში, ქვეყნისა და თანამოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„არ არსებობს არც თემა და არც სიგელი. არაფერი არ არსებობს იმის საპირწონედ, რასაც თქვენ აკეთებთ და მადლობის თქმა სირცხვილიცაა. მადლობა ერთმანეთს უნდა ვუთხრათ, რომ ერთმანეთის გვერდში ვდგავართ და აუწონელია ის სიყვარული და სიკეთე, რომელიც აქ სუფევს ჩვენი დიასპორის და დიასპორიდან ჩვენს მიმართ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ღონისძიების სტუმრებს მიმართა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.

„თქვენი ღვაწლი ნამდვილად განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, რომ იქ, სადაც ხართ, აღწევთ წარმატებას და იქ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ უკეთესი ორგანიზატორები იქნებოდით, ვიდრე ჩვენ, აქ მცხოვრები ქართველები და უკეთესად გაართვით თავი იმ კრიზისის მენეჯმენტს, რომელიც დაკავშირებული იყო პანდემიასთან. ყველა თქვენგანის ბედნიერება გადის თქვენი ქვეყნის ბედნიერებაზე. მინდა გისურვოთ ქვეყანაში დაბრუნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ღონისძიებაზე პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მედიკოსებს და იმ ადამიანებს, რომელთაც შემოწირულობა გაიღეს, გაწეული საქმიანობისთვის სიგელები პარლამენტის წევრებმა გადასცეს.